მადლობა ქომაგებს, უსაზღვრო ემოციებია | იბერიას ფეხბურთელების კომენტარები
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი“ „მიხეილ მესხზე“ მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ნიკოლოზ სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გადამწყვეტი გოლით გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
მატჩის შემდეგ კრისტალსპორტის ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძე „იბერიას'' ფეხბურთელებს ესაუბრა. გთავაზობთ, კომენტარებს.
ანდრია ბართიშვილი: „ სიტყვები არ მყოფნის, ძალიან გახარებულები ვართ. კონფერენს ლიგაზე თამაში გავინაღდეთ და რა ვიცი, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროპა ლიგის ფლეი-ოფშიც გავიმარჯვოთ. უსაზღვრო ემოციებია და თითოეულ ქომაგს ძალიან დიდი მადლობა, რომ მოვიდნენ თამაშის საყურებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაში ესე დასრულდა''.
გიორგი ჯინჯოლავა: „პირველ რიგში გილოცავთ. ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა აქ მოსულ ადამიანს. თქვენი დამსახურება არის ეს. გილოცავთ.“
ნიკოლოზ სიხარულაშვილი: „ემოციების ქვეშ ვარ და ძალიან რთულია ეხლა საუბარი, მარა რა ვიცი... ამდენი გახარებული ქართველი... რა ვიცი, ძალან მიჭირს ეხლა ემოციებზე საუბარი, მარა მთავარია რო შევძელით და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავინაღდეთ ადგილი და უკვე გადავერთვებით ევროპა ლიგის ფლეი-ოფის მატჩებისთვის მოსამზადებლად.“
ვახო ბედოშვილი: „ძალიან ბედნიერი ვარ, აი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ და... ჩვენ ისტორია დავწერეთ. დიდი მადლობა მაყურებელს, რომ მობრძანდნენ, ძალიან დაგვეხმარნენ''.
გიორგი მაკარიძე „უბედნიერესი ვარ და რა ვიცი, ესეთი ემოცია ქართულ ფეხბურთში არ მქონია მე პირადად და ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა გულშემატკივარს.“