იურგენ კლოპი, ლიონელ მესი
Aa
Aa

კლოპი: ხალხი ამბობს, რომ მესი მოედანზე დადის - მე კი ვამბობ - ის მოედანს სწავლობს

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებების მატჩში (2:0) ლიონელ მესის თამაშზე დაკვირვების შემდეგ თავისი მოსაზრებები გააზიარა.

„მე ვაკვირდებოდი მესის, და როცა უყურებ მის თამაშს და ხედავ, რომ მან რვა კილომეტრი ირბინა, ფიქრობ: ჩვენ ოპტიმალური დისტანცია ვიპოვეთ. რვა კილომეტრი - ეს იმიტომ, რომ ის გადამწყვეტ მომენტში საჭირო ადგილას აღმოჩნდება ხოლმე. ასე ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია. ლეოზე დაკვირვება დაუჯერებელი, უბრალოდ გამაოგნებელია.

ხალხი ამბობს: „ის მოედანზე დადის“. მე კი ვამბობ: „ის მოედანს სწავლობს“.

მე მას იმდენად ხშირად ვუყურებდი, მაშინაც კი, როცა ბურთი სადღაც სხვაგან იყო. უბრალოდ მინდოდა გამეგო, რას აკეთებდა. ვფიქრობ, ის მოედანზე მანძილებს ზომავს. მან ზუსტად იცის: ახლა აქ ვარ, ახლა პოზიციას მარჯვნივ დავიკავებ, ახლა ცენტრში შევიწევი.

ავსტრიასთან მატჩი დიდი ხნის განმავლობაში მის სტილში არ მიმდინარეობდა. თუმცა, მან გაიტანა პირველი გოლი, იმიტომ რომ შეეძლო. მან გაიტანა მეორე გოლი, იმიტომ რომ მოინდომა. და ვერ გამოიყენა პენალტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორი თამაშის შემდეგ მას ექვსი გოლი შეეძლო ჰქონოდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ მესის ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი გოლი აქვს, მას კი - ნული ორ მუნდიალზე. დაუჯერებელია, რომ ამ თაობის ხილვის ბედნიერება გვერგო. ეს განსაკუთრებული მოვლენაა.

როდესაც ჩვენ მოკლე დროით შევხვდით მოედნის კიდესთან და მესი თავაზიანად მოგვესალმა, მე, ჩემი 59 წლის ასაკშიც კი მივხვდი, თუ რაოდენ განსაკუთრებული გრძნობაა ეს. ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა.

მე ასევე მოხარული ვიყავი ჩემი ყოფილი ფეხბურთელის, ალექსის მაკ ალისტერის ნახვით და მასთან ცოტა ვისაუბრე კიდეც. მაგრამ მერე მესი გამოჩნდა. ეს კი უკვე სულ სხვა საქმეა“,

- განაცხადა იურგენ კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები