თემურ ქეცბაია, თბილისის დინამო
Aa
Aa

ქეცბაიას მოთხოვნით - თბილისის დინამო გვინეელ თავდამსხმელს იმატებს

თბილისის დინამო შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ვიპროსული გამოცემა Sport-fm-ის ინფორმაციით, თბილისური კლუბი აპოელიდან 23 წლის გვინეელი თავდამსხმელის, ალგასიმ ბას ტრანსფერს ძალიან მალე ოფიციალურად დაადასტურებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და შეთანხმება მიღწეულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმება და გამოცხადება რჩება.

წყაროს ინფორმაციით, ალგასიმ ბა თემურ ქეცბაიას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო. ქართველი სპეციალისტი ფეხბურთელის თამაშით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან იჯარით იფსონასში წარმატებული სეზონი ჩაატარა და თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.

კვიპროსული მედიის ცნობით, „აპოელი“ ტრანსფერიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტიც, რომლის მიხედვითაც კვიპროსულ კლუბს მომავალში ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვიდანაც გარკვეული პროცენტი დარჩება.

Sport-fm აღნიშნავს, რომ ეს გარიგება თავად „აპოელისთვისაც“ ხელსაყრელია, რადგან გვინეელი თავდამსხმელი ახალი სეზონის გეგმებში აღარ შედიოდა და მისი ტრანსფერი როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით კლუბისთვის დადებით ნაბიჯად მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები