ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„სიყვითლეზე საუბარი სისულელეა, სტეროიდები ამტანობას ზრდის“ - ინტერვიუ ანტიდოპინგური სააგენტოს დირექტორთან

დოპინგი რომ მსოფლიო სპორტის ნამდვილი სენია, ეს ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის და ილია თოფურიას მარცხმა ქართველ ქომაგებში იმდენად დიდი შოკი გამოიწვია, ალბათ მათი ნახევარი, თუ მეტი არა, ფიქრობს, რომ ჯასტინ გეიჯის აკრძალული პრეპარატები ჰქონდა მიღებული და სწორედ ამის ხარჯზე შეძლო მანამდე დაუმარცხებელი „ელ მატადორის“ ძლევა. რამდენად შესაძლებელია ასეთ დონეზე მსგავსი აკრძალული ნივთიერებების გამოყენება, გამოწვეული არის თუ არა ფეხების სიყვითლე დოპინგის მიღებით და რას უუმჯობესებს ორგანიზმში სპორტსმენს სტეროიდები, ამის თაობაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, პავლე კასრაძემ დეტალურად ისაუბრა.

პავლე კასრაძე

ფეხების სიყვითლის სტეროიდებთან და დოპინგთან დაკავშირება, ნამდვილი სისულელეა. საიდან მოიტანეს არ ვიცი და რის საფუძველზე ამბობენ, რომ სტეროიდების მიღება ფეხის გულებს აყვითლებს, წარმოდგენა არ მაქვს. ვინც ამას ამბობს, დოპინგთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი იცის. ბოლოს და ბოლოს აქ უამრავ აკრძალულ ნივთიერებაზეა საუბარი და როდესაც რაიმეს ასე ამტკიცებ, ხომ უნდა ამბობდე კიდევაც, რა ნივთიერება ჰქონდა მიღებული? პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია. თან ამ ყველაფერს ამტკიცებენ კატეგორიულად და ამ დროს მე ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ, მსგავსი არაფერი გამიგია და ამ ადამიანებმა საიდან გაიგეს ასე ზუსტად, ვერ გეტყვით.

გარქოვანებამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების სიყვითლე და იქნებ ეს აწუხებდა გეიჯის? ფეხის გულების სიყვითლე, ასეთი სიმპტომი მედიცინაში მე არ შემხვედრია და ამან როგორ უნდა მიუთითოს გინდ დოპინგზე და გინდ ანტიდოპინგზე? კიდევ გეუბნებით, გარქოვანებისა და ბრტყელტერფიანობის შედეგი შეიძლება იყოს.

ალბათ გაუგონიათ, რომ ფეხების სიყვითლე ღვიძლიდან მოდის? იქნებ ნაღვლის ბუშტიდან მოდის? მედიცინისგან შორს არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ თემებს ასე განიხილავენ. ღვიძლი ნოკაუტისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ზონაა, რადგან იქ აპკია, რომელიც თუ გასკდა, სუნთქვა შეუძლებელი ხდება. ღვიძლის ტკივილი სიყვითლეს როგორ იწვევს? თანაც იმ წუთსა და წამებში? ეს ყველაფერი ხდება დროთა განმავლობაში.

იმ თემაში ვეთანხმები და მივყვები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სტეროიდები ამტანობას მმატებს სპორტსმენს და მიღებული თუ ექნებოდა, ღვიძლში დარტყმებსაც აიტანდა, რადგან ისე სწრაფად აღარ ითიშება ადამიანი, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფნისას. იცით, რა სიყვითლეებზე და ასეთ რაღაცეებზე საუბარს, სანამ რაიმეს არ დაამტკიცებენ, სჯობს იმაზე გაამახვილონ ყურადღება, ვინ ჩაატარა დოპინგ-ტესტირება ამ ღონისძიების წინ.

ამაზე საუბარს სჯობს ყურადღება სხვა ფაქტზე გაამახვილოთ. ერთი ინფორმაცია ვიცოდი ვარაუდის დონეზე, თუმცა გადავამოწმე და ახლა შემიძლია ზუსტად გითხრათ - თუ აქამდე UFC-ის მებრძოლებს დოპინგზე ამერიკის ანტიდოპინგური სააგენტო ამოწმებდა, ცოტა ხნის წინ ეს საქმე შვედეთის სააგენტომ გადაიბარა, რომელიც ნამდვილად მაღალი დონის ორგანიზაციაა და ეჭვებს არა მგონია იწვევდეს, რადგან WADA-ს მიერ ავტორიზებული სააგენტოა.

მე უფრო ვფიქრობ, რომ წონის კლებასთან, ან ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დამარცხდა თოფურია, რადგან დოპინგზე ხელის გაშვერა ძალიან რთულია. მითუმეტეს, რომ ტესტებს აუცილებლად ჩაატარებენ და პასუხებიც გახდება ცნობილი. იმასაც ამბობენ, რომ გეიჯიმ მეორე და მესამე რაუნდებს შორის მიიღო აკრძალული ნივთიერება, რაზეც ნუ საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ამ ნივთიერების მოქმედებას ჯერ რამდენი დრო სჭირდება და მერე ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რის გამოც ასეთ მოკლე დროში მსგავს რამეს არავინ გააკეთებს.

ცნობისათვის, ილია თოფურიამ, რომელსაც ჯასტინ გეიჯისთან შეხვედრამდე კარიერაში ჩატარებული ჩვიდმეტი ბრძოლიდან ჩვიდმეტივე მოგებული ჰქონდა, პირველი მარცხი იწვნია და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვიძინებდი, მისით მთელი საქართველო ამაყობს“ | მერაბმა გეიჯი-თოფურიაზე ისაუბრა
„ვერ ვიძინებდი, მისით მთელი საქართველო ამაყობს“ | მერაბმა გეიჯი-თოფურიაზე ისაუბრა