„ბრძოლის შედეგზე ამან ძალიან იმოქმედა“ - როგანი ილიაზე და ჯასტინზე
თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბიდან ათ დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერჯერობით შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ისევ და ისევ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის გამართულ სუპერდაპირისპირებაზე საუბრობენ. გამონაკლისს არ წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის კომენტატორი, 58 წლის ჯო როგანი, რომელმაც საკუთარ პოდკასტში ეს ჩხუბი კიდევ ერთხელ გაიხსენა.
ჯო როგანი
ის, თუ როგორ სტილში დაამარცხა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურია, წარმოუდგენელი სიგიჟეა. აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს თანამემამულეს გამოკვეთილ აუტსაიდერად მიიჩნევდა, რადგან თოფურია ძალიან კარგი მებრძოლია და გეიჯის მეორე რაუნდში სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა.
გუშინ ეს ბრძოლა გადავახვიე და მეორე რაუნდი ნამდვილი სისასტიკე იყო - ილია ჯასტინის ღვიძლს უბრალოდ ანადგურებდა, თუმცა ჯასტინმა ჩხუბის ამ მონაკვეთშიც თოფურიას ბევრი სისხლი დაღვარა.„ჰაილაითმა“ „ელ მატადორს“ თავში მძიმე დარტყმები მიაყენა, რამაც ბრძოლის საბოლოო შედეგზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
არ ვიცი რამდენად სანდო ინფორმაციაა, მაგრამ მითხრეს, რომ ილიას ორივე თვალბუდე და ცხვირი გატეხილი აქვს. გეიჯი კი ბრძოლიდან რამდენიმე დღეში ჩემს პოდკასტში სტუმრად მოვიდა და საერთოდ არანაირი კვალი არ ეტყობოდა, რაც ნამდვილი სიგიჟეა.
ცნობისათვის, ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ალექსანდრ ვოლკანოვსკის ძლევის შემდეგ მოიპოვა და მოგვიანებით მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. მსუბუქი წონის ჩემპიონი კი, ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებით გახდა, თუმცა ამ დივიზიონში პირველივე დაცვა წარუმატებელი გამოდგა და ჯასტინ გეიჯისთან დაპირისპირება ტექნიკური ნოკაუტით დათმო.