მსოფლიო კლასის მოგერიებები ჰქონდა - ბრიტანული პრესა მამარდაზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ლივერპული“ სტამბოლში „გალათასარაისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - გიორგი მამარდაშვილის კარი მე-7 წუთზე მარიო ლემინამ აიღო. მატჩის შემდეგ ბრიტანული პრესა მამარდაშვილის თამაშს ასე გამოეხმაურა:
Goal.com: ტრავმირებული ალისონის ნაცვლად ძირითადში გამოჩნდა და თუ ლემინას გოლის შემთხვევაში ვერაფერს იზამდა, მას აშკარად გაუმართლა იმ ეპიზოდში, როცა ლანგმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა. სანჩესის დარტყმის შემდეგ კარგი რეაქცია აჩვენა, მაგრამ დამაჯერებლობა აკლდა, განსაკუთრებით ფეხით თამაშისას.
This Is Anfield: პირველ ტაიმში მსოფლიო კლასის რამდენიმე მოგერიება ჰქონდა, თუმცა ნერვიულობა ეტყობოდა, რაც გასაკვირი არცაა. „წითლების“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა.
Sports Illustrated: კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი ჭკვიანური მოგერიებით უზრუნველყო ის, რომ „ლივერპულმა“ მეტი გოლი არ გაუშვა. მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ ბურთებზე დამაჯერებლად თამაშობდა.
The Express: ლივერპულის დაცვის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია, თავაწეულმა დატოვოს მოედანი. ანგარიში უფრო კატასტროფული იქნებოდა, ლივერპულის სათადარიგო მეკარეს რომ ტოპ-დონეზე არ ეთამაშა. პირველი ტაიმის ბოლოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება ჰქონდა, როცა „გალათასარაიმ“ ზეწოლა გააძლიერა.
LFC Globe: ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და კარგი მოგერიებებით გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეუნარჩუნა.
ცნობისთვის, საპასუხო მატჩი „ენფილდზე“ 18 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.