83 ქულა ჩააგდო | ბემ ადებაიოს ისტორიული მატჩი ვაშინგტონთან
2006 წლის 22 იანვარს, კობი ბრაიანტმა „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ 81 ქულა ჩააგდო. უილტ ჩემბერლენის 100-ქულიანი მატჩის შემდეგ ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საუკეთესო მაჩვენებელი იყო იქამდე, სანამ „მაიამი ჰიტისა“ და „ვაშინგტონ უიზარდსის“ შეხვედრაში ბემ ადებაიომ არანორმალური თამაში არ ჩაატარა.
„მაიამიმ“ „ვაშინგტონი“ 150:129 დაამარცხა, ადებაიომ კი 83 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. ადებაიომ 43-დან 20 ბურთი ჩააგდო (22-დან 7 სამქულიანი) და 43-დან 36 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ადებაიომ ორი რეკორდი გაიფორმა: ერთ მატჩში ნასროლი საჯარიმოების რაოდენობა და ჩაგდებული საჯარიმოების რაოდენობა.
„მაიამის“ ცენტრს პირველ მეოთხედში 31 ქულა ჰქონდა, დიდ შესვენებაზე კი მისი მონაგარი 43 ქულა გახლდათ. მესამე მეოთხედის ბოლოს ბემის ანგარიშზე 62 ქულა იყო და საბოლოოდ მან „შავ მამბას“ გადაუსწრო.
„უილტი, მე და კობი. სრული სიგიჟეა... არ მიფიქრია, რომ 83 ქულა უნდა ჩამეგდო, უბრალოდ ჩემს თამაშს მივყვებოდი და დაუჯერებელია, რაც მოხდა. საოცრებაა, ეს თამაში ჩვენს მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ რომ ვაჩვენე და ისტორია აქ დავწერეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. 83 ქულით კობის გადავასწარი და ვფიქრობ, ახლა რას მეტყოდა... ყოველთვის მინდოდა, მასთან ეს დიალოგი მქონოდა და ალბათ მეტყოდა: „წადი, იგივე კიდევ ერთხელ გააკეთე.“
ცნობისთვის, „მაიამის“ 37 მოგება და 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს. ფლორიდელები მომდევნო შეხვედრას 13 მარტს „მილუოკი ბაქსთან“ გამართავენ.