სასტარტო ხუთეულში იყო და 8 ქულა ჩააგდო | მამუს ტორონტო ჰიუსტონთან დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ჰიუსტონ როქეთსთან“ დამარცხდა. კანადელებმა სტუმრად ითამაშეს და 99:113 წააგეს. „ჰიუსტონმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 27:16 მოიგო.
იაკობ პოელტლის არყოფნაში ქართველმა კალათბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. „მამუმ“ პარკეტზე 29 წუთი და 58 წამი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო არჯეი ბარეტი იყო — 25 ქულა, 6 მოხსნა. სკოტი ბარნსმა 24 ქულა დააგროვა, იმანუელ ქუიკლიმ — 12. „ჰიუსტონს“ 29 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. ჯაბარი სმიტ ჯუნიორსა და ეიმენ ტომპსონს 23-23 ქულა ჰქონდათ.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 36 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. კანადელები მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავენ.