გურამ კაშია
Aa
Aa

კაშიას ბოლო თამაში ნაკრებში | რუმინეთთან მატჩის ბილეთები 2 მაისიდან გაიყიდება

რუმინეთთან და ბაჰრეინთან მოახლოებულ მატჩების ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ინფორმაცია გაავრცელა:

„საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს - ბაჰრეინს. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

საქართველო - რუმინეთზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო საქართველო - ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება''.

რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ნაკრებს გურამ კაშია უკაპიტნებს და ამ მატჩში 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს. გურამ კაშიამ ნაკრებიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა: ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძობდი გვერდში დგომას. 

ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.

უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.

უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე,“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები