„რატომ უნდა მოუნდეთ ლივერპულში გადასვლა?“ | კრაუჩმა ოლისესა და კვარაზე ისაუბრა
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პიტერ კრაუჩმა, მაიკლ ოლისესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. უცხოურ პრესაში რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ მერსისაიდელებს მათ მიმართ ინტერესი აქვთ და კრაუჩმა სწორედ ამ თემაზე გააკეთა კომენტარი.
„ამ ფეხბურთელებთან მიმართებით მთავარი სირთულე შემდეგში მდგომარეობს: ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი ყველამ ვნახეთ — რატომ უნდა მოუნდეთ ოლისეს ან კვარაცხელიას თავიანთი გუნდების დატოვება?
სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულმაც ითამაშა და ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის დონეზე ნამდვილად ვერ იასპარეზა. ვფიქრობ, პრემიერ ლიგა კვლავინდებურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და აღმაფრთოვანებელი ჩემპიონატია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ სხვა ჩემპიონატების ტოპ გუნდები ჩვენს ტოპ გუნდებზე უკეთესები არიან.
ევროპის საუკეთესო ორი გუნდი — პარი სენ-ჟერმენი და ბაიერნი — პრემიერ ლიგაში ნამდვილად არ თამაშობენ. შესაძლოა, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში უფრო ნაკლები კონკურენცია იყოს, მაგრამ მაინც ტოპ დონის ჩემპიონატებზე გვაქვს საუბარი და არ ვიცი, რის გამო შეიძლება, რომ ოლისემ და კვარამ თავიანთი გუნდები დატოვონ და ლივერპულში გადავიდნენ.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ პირველ შეხვედრაში 9 გოლი გავიდა და ფრანგებმა 5:4 იმარჯვეს. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 6 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.