„გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“ | არსენალს კვარაცხელია ურჩიეს
„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერემი ალიადიერმა, „მეთოფეებს“ შეტევის გაძლიერება ურჩია. ფრანგმა ლონდონელებს ორი ვარიანტი შესთავაზა: ნიკო უილიამსი და ხვიჩა კვარაცხელია.
„ხვიჩა კვარაცხელია და ნიკო უილიამსი არსენალისთვის შესანიშნავი ვარიანტები იქნებოდნენ. ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური ფეარ პლეის გათვალისწინებით, ასეთი დონის მოთამაშეების დამატებისთვის ფეხბურთელთა გაყიდვა იქნება საჭირო. ბევრი ჭორი გავრცელდა ლეონარდო ტროსარისა და გაბრიელ მარტინელის შესახებ, რომლებიც შეიძლება კლუბმა ფინანსების მისაღებად გაუშვას.
ვფიქრობ, ფეხბურთში დგება მომენტი, როცა ერთ კლუბში მრავალი წლის გატარების შემდეგ ახალი გამოწვევები გჭირდება. არ ვამბობ, რომ ისინი საკმარისად კარგები არ არიან ან ხარისხი არ აქვთ — საქმე ისაა, რომ ფეხბურთში საჭიროა ახალი ენერგია, ახალი მოთამაშეები განსხვავებული მენტალიტეტითა და ტიტულების მოგების წყურვილით.
ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ასეთი ფეხბურთელია. ის გამარჯვებულია და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ყველგან ტიტულებს იგებს. იცის, როგორ უნდა გაიმარჯვოს! შარშან უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კლუბისთვის შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა.“
ცნობისთვის, კვარაცხელიას შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს. მისი გუნდი ნახევარფინალშია გასული, სადაც „ბაიერნს“ პირველ შეხვედრაში 5:4 აჯობა, განმეორებითი მატჩი კი მიუნხენში, 6 მაისს გაიმართება.