„გეიჯის გამო ვწუხვარ“ | ილია თოფურიამ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ელ მატადორის“ მიხედვით, არიან ადამიანები, რომლებიც გეიჯის სათანადოდ არ აფასებენ და ამბობენ, რომ ის საჩუქარია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„კარიერის განმავლობაში ბევრ განსხვავებულ სიტუაციაში ვყოფილვარ. იყო მომენტები, როდესაც ხალხი ამბობდა, რომ მეტოქე გამანადგურებდა, დამაფინიშებდა და ჩემი გამარჯვება პრაქტიკულად გამორიცხული იყო. როდესაც დავამტკიცე, რომ ცდებოდნენ, საერთოდ სხვანაირად ალაპარაკდნენ.
ახლა ამბობენ, რომ მარტივი ბრძოლა მექნება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, წარსულში რაც ხდებოდა. მახსოვს, როგორ ამბობდნენ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონისთვის ფიზიკურად ძალიან პატარა ვიყავი და ჩარლზ ოლივეირა დამამარცხებდა. ჩარლზს მოვუგე და ახლა ისე ლაპარაკობენ, თითქოს გეიჯი საჩუქარია.
ჩემი აზრით, ჯასტინს სათანადოდ არ აფასებენ. მართალია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩხუბს პირველ რაუნდში დავასრულებ და მას ყველა ასპექტში ვჯობივარ, მაგრამ ის ბრწყინვალე მებრძოლია. გეიჯი არის მებრძოლი, რომელსაც შესანიშნავი ისტორია აქვს და პირადად მე მისი ჩხუბების ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა ჩვენი გზები გადაიკვეთა და როდესაც ოქტაგონში შევდივარ, სულერთია, ჩემ წინ ვინ დგას. ვწუხვარ, ჯასტინ, მაგრამ ერთმანეთთან ჩხუბი მოგვიწია.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენაა. მათ დაპირისპირებას თბილისის დროით, 16 ივნისს ვიხილავთ.