ორი ტაი-ბრეიკი დასჭირდა | სინერმა ფონსეკას მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა
ინდიან უელსის 1/8-ფინალში ATP რეიტინგის მე-2 ნომერი იანიკ სინერი ბრაზილიელ ფონსეკას დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 7:6 დაამარცხა.
როგორც ჩანს, იტალიელს საკმაოდ გაუჭირდა. პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ და ბრეიკის შესრულება ვერცერთმა შეძლო.
ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ფონსეკას 3 სეტ პოინტი ჰქონდა(6:3 იგებდა), მაგრამ სინერმა ზედიზედ 6 გათამაშება მოიგო და 8:6 დააფიქსირა.
მეორე სეტი შედარებით განსხვავებული იყო. იანიკმა მე-6 გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა ბრაზილიელმა მე-9 გეიმში წონასწორობა აღადგინა. საქმე კვლავ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც სინერმა 7:4 მოიგო.
ცნობისთვის, იტალიელი ვარსკვლავი ინდიან უელსის მეოთხედფინალში ლეარნერ ტიენს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ინდიან უელსის მასტერსზე იტალიელი არ მონაწილეობდა. ამის მიზეზი მისი დისკვალიფიკაცია იყო, რომელიც მან თებერვალში დოპინგ ტესტზე ჩავარდნის შემდეგ მიიღო.
აქედან გამომდინარე, ATP რეიტინგის მე-2 ნომერს შანსი აქვს, რომ აქტივში 1000 ქულა ჩაიწეროს.