საბერძნეთიდან თურქეთში | გუგეშაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
კრისტალსპორტის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ „გიოზთეფეში“ გააგრძელებს.
2023 წლიდან „გიოზთეფეს“ ბულგარელი სპეციალისტი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის, საკმაოდ ამბიციური კლუბია, გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.
2025 წლის ზაფხულში გუგეშაშვილი „პანსერაიკოსიდან“ პაოკ-ში 1 მილიონ ევროდ გადავიდა. რაზვან ლუჩესკუმ მას პირველ გუნდში სათამაშო დრო არ მისცა, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ატრომიტოსში“ გაატარა. ახალ გუნდში ქართველმა მეკარემ 9 მატჩი ჩაატარა, 9-დან 3-ში კარი მშრალად შეინახა. აღსანიშნავია, რომ „პანსერაიკოსთან“ მოგებულ შეხვედრაში პენალტი მოიგერია. მოკლედ, ლუკამ „ატრომიტოსში'' ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდის ელიტაში დარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.
გასული სეზონის შემდეგ ბერძნულმა წყაროებმა ლუკა „ლევადიაკოსს“ და „ატრომიტოსს“ დაუკავშირეს. თურქული მედიის ცნობით კი მის მიმართ ინტერესს „გაზიანთეფე“ იჩენდა, თუმცა კრისტალსპორტის ინფორმაციით, ქართველი მეკარის „გიოზთეფეში“ გადასვლა გადაწყვეტილია. თუ ლუკა ახალ გუნდში თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენს, ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
2023 წლიდან გუგეშაშვილი ეროვნული ნაკრების მეკარეა, ვილი სანიოლმა სამ მატჩში ათამაშა.