ანდონი ირაოლა
Aa
Aa

“ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი“ - ირაოლა სანდერლენდთან მატჩის შემდეგ

ლივერპულმა წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. მერსისაიდელები სანდერლენდს დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მინდორზე 67 წუთი დაყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ კომენტარი გააკეთა.

ირაოლა:

„ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო. იგრძნობოდა, რომ ფეხბურთელებს მძიმე ვარჯიშების შემდეგ ფეხები დამძიმებული ჰქონდათ და გვაკლდა სიხალისე, მაგრამ ეს კარგი საწყისი წერტილია გასაუმჯობესებლად.

ყველაზე ცუდი ამბავი ჯო გომესის ტრავმაა. ვარჯიშების განმავლობაში არავინ დაგვიკარგავს, მაგრამ, სამწუხაროდ, პირველივე თამაშში დავკარგეთ. ტემპის დაჭერა გვიჭირდა. ორივე გუნდს აკლდა სიმკვეთრე, მოედანიც ნელი იყო. რამდენიმე კარგი მონაკვეთი გვქონდა, მაგრამ ინტენსივობა ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.

შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მინდოდა, ფეხბურთელებს ბოლომდე ემუშავათ, არ მოდუნებულიყვნენ და თამაშის სწორი რიტმი დაებრუნებინათ. ალექს ისაკი, ფლორიან ვირცი და რაიან გრავენბერხი უკვე ჩიკაგოში არიან. ხვალიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და ვეცდებით, მომდევნო ორ მატჩში ნელ-ნელა ჩავრთოთ.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს გარკვეული პერიოდის წინ ლივერპულიდან იჯარის წესით აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. მას თურქულ და იტალიურ კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველის წასვლაზე არაფერი აღარ იწერება.

ცნობისთვის, ლივერპული პრემიერ ლიგის დაწყებამდე კიდევ 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს. პრემიერ ლიგა ირაოლას გუნდისთვის 23 აგვისტოს ნიუკასლთან გასვლითი თამაშით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები