ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ლიპარტელიანი: “კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა“

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ლაშა გუჯეჯიანის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, „ინსტაგრამის“ პირადი გვერდის მეშვეობით მიმართვა გაავრცელა.

ლიპარტელიანი „ინსტაგრამ სთორიში“ წერს:

„კარგი იქნებოდა ცვლილებები ქალთა ნაკრებსაც შეხებოდა. ვიტყვი, რომ ორჯერ ოლიმპიადის წაგების შემდეგ, გვსურდა ცვლილება და უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა, ანდაც ქართველის ვინმეს მოყვანა!!

რადგან ასე ვერ მოხდა, ფსიქოლოგიურად გატეხილს ვცადე ყველანაირი გზა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ავიყვანე ფსიქოლოგი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.

რომ მივხვდი ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ფუჭად, ავიყვანე ფიზიკის მწვრთნელი, რომელმაც 3-4 საათიანი ვარჯიში შემიცვალა და 1-2 საათამდე მაძლევდა იმას, რაც 15 წელი ვერ მივიღე!!

ვიტყვი, რომ ყოველი წაგება მე და ჩემს მეუღლეს გვბრალდებოდა, მოგება კი მწვრთნელების დამსახურება იყო. მე ვემზადები მსოფლიოსთვის, მე ვემზადები ევროპისთვის, მე ვემზადები ოლიმპიადისთვის!! არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ.“

შეგახსენებთ, რომ ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ლაშა გუჯეჯიანმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წლიდან დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი. 

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით განსაკუთრებული წარმატება აჩვენა: ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 

2025 წელს, ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა გუჯეჯიანის მწვრთნელობით, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ისტორიული წარმატება მოიპოვა. ნაკრებმა გაიმარჯვა გუნდურ შეჯიბრებაში და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ინდივიდუალურ კატეგორიებში ქართველმა ძიუდოისტებმა რამდენიმე მედალი მოიპოვეს, მათ შორის, ეთერ ლიპარტელიანმა — ოქრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები