კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო, ვინისიუს ჟუნიორი, ფედე ვალვერდე
Aa
Aa

მბაპეს უნდოდა გუნდს ეს მაისურები არ ჩაეცვა, ვალვერდე დროულად ჩაერია

ცნობილი გახდა „რეალის“ ფეხბურთელების საუბრის დეტალები „ელჩესთან“ (3:2) მატჩის წინ, რაც სეუტას მხარდამჭერ მაისურებს უკავშირდება.

ElDesmarque de Cuatro-ს ეთერში აჩვენეს მატჩის წინ გვირაბში მომხდარი მოვლენების სრული თანმიმდევრობა, მათ შორის ფედე ვალვერდეს, ვინისიუსის, კილიან მბაპეს, მსაჯ ხესუს ხილ მანსანოსა და „ელჩეს“ მეკარე მატიას დიტუროს საუბრები.

თამაშის წინ ორივე გუნდის მოთამაშეებს სეუტას მხარდამჭერი სპეციალური მაისურები უნდა ჩაეცვათ. თუმცა, ვინისიუსი, მბაპე და იბრაიმა კონატე მოედანზე საბოლოოდ სანახევროდ ჩაცმული მაისურებით გავიდნენ, ხოლო ხელის ჩამორთმევის შემდეგ მაშინვე გაიხადეს ისინი.

როდესაც „რეალისა“ და „ელჩეს“ ფეხბურთელები გვირაბში უკვე შეგროვდნენ, მასპინძელთა მოთამაშეებს მაისურები ეცვათ. მადრიდელებს კი ჯერ არა.

ამ დროს ჟოზე მოურინიომ, რომელიც გვირაბში გვერდით იდგა, იკითხა: „მაისურებზე რა ხდება?“

უკანა ფონზე კამავინგა და ვინისიუსი რაღაცას განიხილავდნენ და პირზე ხელს იფარებდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა „რეალის“ ეკიპირებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და მაისურების დარიგება დაიწყო. ტიბო კურტუამ ის თითქმის მაშინვე ჩაიცვა. მოურინიომ კი თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია და კადრიდან გავიდა, ხოლო მბაპემ ადმინისტრატორი ჟესტით უკუაგდო და მისი გაშვება სცადა.

ამის შემდეგ საუბარში ფედე ვალვერდე ჩაერია. ურუგვაელმა თქვა:

„მოდით, გავაკეთოთ ეს (ჩავიცვათ მაისურები)“.

ვინისიუსმა დააზუსტა: „ყველა ვიცვამთ?“

ვალვერდემ უპასუხა: „კი, კი“.

მოგვიანებით კადრში ჩნდება დინ ჰუისენი: მას უკვე ეცვა მაისური და მიმდინარე მოვლენებს ეჭვნარევი სახით აკვირდებოდა.

პარალელურად, გვირაბის სხვა ნაწილში საუბარი გაიმართა მთავარ მსაჯს, ხესუს ხილ მანსანოსა და „ელჩეს“ მეკარე მატიას დიტუროს შორის.

„მატიას, მოდი ნუ გავართულებთ და ნუ ვიხლართებით შედარებებში...“

- ეუბნება ხილ მანსანო 39 წლის არგენტინელს.

დიტურომ უპასუხა:

„არა, მაგრამ თუ მათ ვიცვამთ, ეს მხარდაჭერის ნიშნად ხდება!“

მსაჯმა უპასუხა:

„შენ რატომ ერევი? „რეალის“ ფეხბურთელებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ“.

დიტურომ ემოციურად უპასუხა: „ეგ იმ ხალხს უთხარი, ვისაც იქ (სეუტაში) შვილები ჰყავთ!“

ამის შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელებმა მაისურები მაინც ჩაიცვეს. ვინისიუსი და მბაპე ბოლოები იყვნენ, ვინც ეს გააკეთა. კონატესთან ერთად მათ მაისურები ბოლომდე არ ჩაუცვამთ და სანახევროდ ჩაცმული დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები