„მოსაგებად კარგი წელია“ | მბაპეს მიზანია, ოქროს ბურთი რეალს დაუბრუნდეს
„რეალის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე რიტორიკას არ ცვლის და მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთი“ წელს მან უნდა მოიგოს. ფრანგი ფეხბურთელის მიხედვით, პრესტიჟული ჯილდო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაბრუნდეს და მისთვის მთავარი სწორედ ეს არის.
„ჩემი აზრით, ოქროს ბურთის მოსაგებად შესაფერისი წელია. ჩემი ფეხები ჩემ სასარგებლოდ მეტყველებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვილაპარაკებ — ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ ოქროს ბურთი „რეალს“ დაუბრუნდეს.
ოქროს ბურთი „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალის“ გულშემატკივრებს უნდა დაუბრუნდეს და ყველა მათგანს სიხარული მოუტანოს. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება ლამინ იამალს, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და საოცარი კარიერა ექნება. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“.
შეგახსენებთ, რომ მბაპემ „ოქროს ბურთზე“ რამდენიმე დღის წინაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მასზე უკეთესი სეზონი არავის ჰქონია. კილიანის არგუმენტი ისაა, რომ ყველა იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ რეიტინგებში პირველი ადგილი ჰარი კეინს უკავია და ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტია. „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა 26 ოქტომბერს, ლონდონში გასამართ საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი.