„მისი დამცირება ან ეროვნების გამო შეურაცხყოფა არ მიფიქრია“ | კაველიუსის პასუხი ჯაფარიძეს
ქართველმა ჯუდოკამ, აკაკი ჯაფარიძემ, რომელსაც გერმანელ მეტოქესთან, ტიმო კაველიუსთან დაპირისპირება მოუვიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა, განცხადება გაავრცელა. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა. მიზეზი გერმანელის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟესტიკულაციური ქმედებები იყო.
კაველიუსმა ჯაფარიძის სიტყვები უყურადღებოდ არ დატოვა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ეს აღნიშვნა მხოლოდ ჩემი გუნდისთვის იყო განკუთვნილი და იმ სიხარულის გამოხატულება გახლდათ, რაც ამ გამარჯვებამ მომიტანა.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი წამით არ ყოფილა ჩემი მიზანი აკაკი ჯაფარიძის, როგორც სპორტსმენის დამცირება ან მისი შეურაცხყოფა წარმოშობისა თუ ქართული ეროვნების გამო. თუ ჩემი აღნიშვნა მის მიერ მაინც აღქმული იქნა, როგორც პირადი პროვოკაცია ან შეურაცხყოფა, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩემი მხრიდან ასეთ განზრახვას ადგილი არ ჰქონია“.
გერმანული პრესის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა იწერება, რომ ჯაფარიძემ გერმანია უკვე დატოვა და ამჟამად საქართველოში იმყოფება. როგორც გაირკვა, მან გერმანელს სახის არეში სამჯერ დაარტყა, რის შედეგადაც კაველიუსს ყბა ორ ადგილას მოტყდა და ორი კბილი დაკარგა.