“პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“ - აკაკი ჯაფარიძის განცხადება
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ძიუდოისტმა აკაკი ჯაფარიძემ, რომელიც ძიუდოს ერთ-ერთი საკლუბო ტურნირზე „ლეიპციგის“ სახელით ჭიდაობდა, „აბენსბერგის“ გერმანელ წევრს ტიმო კაველიუსს სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ორი კბილი დაკარგა, ყბა მოიტეხა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით, აკაკი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.
ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა,(უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში)გამარჯვებასთან ერთად, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.
მიზეზი სხვა იყო — უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი, ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში. პირველ რიგში მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს.“
View this post on Instagram
ცნობისთვის, მომხდარიდან სულ მალე გერმანულმა გამოცემა BILD-მა დაწერა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო და საქმე აღიძრა. დაზარალებულმა ძიუდოისტმა საჩივარი შეიტანა. გამოძიება სხეულის მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.