ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა დამტკიცდა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის, გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ქართულ სპორტში გამორჩეულ პიროვნებას, სეოკ-ის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. რაინდის ჯილდო ემზარ ზენაიშვილს სხდომის დასაწყისში გადასცა სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (სპორტის ზამთრის სახეობებში 14-21 თებერვალი, ბრაშოვი, რუმინეთი) მონაწილეობის მისაღებად ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობა.
დამტკიცდა მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა, აღნიშნულ თამაშებს სენეგალის დედაქალაქი დაკარი უმასპინძლებს 31 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით და საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში: მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა იასპარეზებს 13 სპორტსმენი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი კი სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს სეოკ-ის სახელზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წერილის შესახებ, აღინიშნა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობა ბავშვთა სპორტის განვითარების მიმართულებით. აღმასრულებელმა კომიტეტმა დააკმაყოფილა ფედერაციის თხოვნა სეოკ-ის წევრად მიღების თაობაზე. სეოკ-ის წესდების IV თავის მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია გაკეთდება სეოკ-ის უახლოეს სესიაზე.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის მოწვევის თარიღი, დამტკიცდა დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი.
სეოკ-ის 2026 წლის საანგარიშო სესია და გალა დაჯილოდება გაიმართება 24 დეკემბერს.
სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში განისაზღვრა საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტები და პერსონალურ პირები.