„შოკირებული ვართ ჯაფარიძის პოსტით და მხარდაჭერით, რომელიც მან მიიღო“ | DJB-ის განცხადება
გერმანიის ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც აკაკი ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერაცია ჯაფარიძის განცხადებითა და ქართველი სპორტსმენისადმი გამოხატული მხარდაჭერით შოკირებულია.
„როგორც სპორტული ასოციაცია, წარმოვადგენთ ღირებულებებს, რომლებიც 2026 წლის 5 სექტემბერს მომხდარმა ინციდენტმა შებღალა. საუბარია ბუნდესლიგის მატჩსა და ორ ძიუდოისტს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. ეს არ ყოფილა კონფლიქტი ბუნდესლიგის ორ კლუბს შორის და არაფერი აქვს საერთო საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობასთან.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესები არიან. ისინი თავიანთი ღირსებით არიან ცნობილი და მეტოქეებს ყოველთვის ეხმარებიან. ბევრი მათგანი, მიღწეული წარმატების გამო, მსოფლიო დონის მისაბაძი მაგალითია. ჩვენ შორის არსებული სოლიდარობისა და პატივისცემის ნიშანია ისიც, რომ გერმანიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებებმა საქართველოში ერთად ივარჯიშეს. სწორედ ამიტომ, მოვლენების ასეთი განვითარება ძიუდოს მთელი საზოგადოებისთვის უფრო მტკივნეულია.
ჩვენ შოკირებული ვართ აკაკი ჯაფარიძის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული განცხადებითა და იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ პოსტმა მიიღო, მათ შორის — ძიუდოს პატივსაცემი ვარსკვლავებისგან. ნებისმიერი მცდელობა, რომ ჯაფარიძის მიერ ტიმო კაველიუსზე განხორციელებული თავდამსხმა მთელი სერიოზულობით არ შეფასდეს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ძიუდოს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
5 სექტემბერს მომხდარი არ ყოფილა უბრალო ემოციების ვერშეკავება ან შელაპარაკების ფონზე ხელის კვრა. ტიმო კაველიუსს სრულიად მოულოდნელად, დიდი ძალით თავს ფიზიკურად დაესხნენ. მას შემდეგაც კი, რაც სპორტსმენი უკვე იატაკზე იმყოფებოდა, მასზე სასტიკი დარტყმების განხორციელება მაინც გაგრძელდა და ინციდენტი მხოლოდ მისი თანაგუნდელების ჩარევის შემდეგ დასრულდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ემოციურ ხელჩართულ ჩხუბსა თუ გაგებით მოსაკიდებელ ესკალაციაზე, რაც შეიძლებოდა პროვოკაციას მოჰყოლოდა. ეს იყო სერიოზული თავდასხმა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანების რეალურ საფრთხეს შეიცავდა.
ტიმო კაველიუსს ლაიპციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და ოპერაციაც ჩაუტარდა. მიუხედავად ამ მკურნალობისა, სპორტული თვალსაზრისით შედეგები მისთვის სავალალოა: იგი გამოტოვებს არა მხოლოდ ბუდაპეშტის გრანდ სლემს, არამედ მსოფლიო ჩემპიონატსაც. ეს საფრთხეს უქმნის მის პოზიციას მსოფლიო რეიტინგში — იგი, შესაძლოა, საუკეთესო 36 სპორტსმენს მიღმა დარჩეს, რაც წლის ბოლოს გასამართ მასტერსის სერიის ტურნირზე მის მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყველა მომდევნო შეჯიბრებაში ეს დაბალ განთესვას ნიშნავს, შესაბამისად, პირველივე ეტაპებიდანვე ბევრად რთული ბადე შეხვდება. ამგვარად, მისი ოლიმპიური კვალიფიკაციის პროცესი სერიოზულად ფერხდება, რაც ნიშნავს, რომ მას მოულოდნელი ძალადობა ძალიან ძვირად დაუჯდა.
ემოციები ნებისმიერი სპორტის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ძიუდოისტები ტატამიზე მაქსიმუმს აკეთებენ და ბოლომდე იბრძვიან. ყველამ, ვინც სპორტში დამარცხებულა, იცის, რომ ამას შეუძლია ღრმა იმედგაცრუება ან ბრაზი გამოიწვიოს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავს. ეს ექსტრემალური ემოციური სიტუაციები ადამიანურია და შეჯიბრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, სწორედ ეს არის ჩვენი სპორტის არსი: ამ უკიდურესი ემოციების მართვა ის უნარია, რასაც ჩვენს პატარა ძიუდოისტებს პირველივე ქამრის გამოცდიდან ვასწავლით. საკუთარი ემოციების გაანალიზება, კონტროლი და რეგულირება ძიუდოში უმნიშვნელოვანესია. როდესაც ერთმანეთს საერთაშორისო ასპარეზზე ვხვდებით, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუ რა კულტურული წარმომავლობის, ქვეყნის ან გარემოს წარმომადგენელია სპორტსმენი.
ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა დავუშვათ იმის რისკი, რომ სპორტსმენს, რომელიმე ჟესტის თუ გაუგებრობის გამო, ტატამიზე ფიზიკური თავდასხმის შიში ჰქონდეს. დადგენილი რეგულაციები და საერთო ღირებულებები თანაბრად უნდა იცავდეს თითოეულ სპორტსმენს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ის ფაქტი, რომ აკაკი ჯაფარიძე რამდენიმედღიანი დაფიქრებისა და მომხდარის გადასაფასებლად საჭირო საკმარისი დროის მიუხედავად, საჯაროდ მაინც ამართლებს ამ საქციელს, მეტყველებს იმაზე, რომ სიტუაცია სათანადოდ ვერ გაიაზრა.
წარმოიდგინეთ, ადგილზე მყოფთ იმავე ძალადობით რომ ეპასუხათ — სპორტი უბრალოდ ქაოსში გადაიზრდებოდა. გულწრფელი ბოდიშის მოხდის შემთხვევაშიც კი, ამ ინციდენტის პატიება რთული იქნებოდა. თუმცა, ამ უპატიებელი განცხადებით აკაკი ჯაფარიძემ დაამტკიცა, რომ მას ძიუდოს ღირებულებები საერთოდ არ ესმის. ვინც ტატამის ხელშეუხებლობას ამ ფორმით უგულებელყოფს, მას ძიუდოს სამართლიან სპორტულ სულში ადგილი არ აქვს. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ ტიმო კაველიუსის გვერდით და ვითხოვთ შესაბამის პასუხისმგებლობას სპორტული სამართლის ფარგლებში“, — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ჯაფარიძის პოსტს, აკაკიმ აღნიშნა, რომ ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა. მიზეზი გერმანელის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟესტიკულაციური ქმედებები იყო. ვინც არ იცით, ბუნდესლიგის შეხვედრისას კაველიუსმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა, რის შემდეგაც ჯაფარიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანებები მიაყენა.