„შთამბეჭდავი იყო, დიდი ტალანტია“ | ყოფილი მეტოქე და თანაგუნდელი თორნიკე კვარაცხელიაზე
ფრანგული გამოცემა, Top Mercato „დინამო თბილისის“ ფეხბურთელს, მაქსიმ ტეიშეირას დაუკავშირდა და მას თორნიკე კვარაცხელიაზე გაესაუბრა. ტეიშეირამ ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო და მისი ხასიათი, პოტენციალი და ხარისხი გამოარჩია.
„ჩემი აგენტისგან გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა „დინამო თბილისში“ თამაშობდა. თავდაპირველად საერთოდ ვერ ვიცანი, რადგან მათ შორის ასაკში დიდი სხვაობაა, თუმცა პირველივე ვარჯიშზე, როდესაც მისი დრიბლინგი ვნახე, ჩემს თავს ვუთხარი: „კარგი, ეს ნამდვილად კვარას ძმაა“. მათ ერთნაირი დრიბლინგი აქვთ და მისი ხარისხით, პოტენციალითა და ხასიათით, რომელსაც მოედანზე ავლენს, გაკვირვებული დავრჩი“, — აღნიშნა ტეიშეირამ.
Top Mercato-მ ინტერვიუ „დინამო თბილისის“ ერთ-ერთი ყოფილი მეტოქის, „მონდორფის“ ფეხბურთელს, ჰატიმ ფარსაც ჩამოართვა, რომელმაც განაცხადა: „ვიცოდით, რომ „დინამო თბილისში“ კვარას უმცროსი ძმა თამაშობდა, თუმცა სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ჩვენთან შეხვედრამდე პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ ოთხი თუ ხუთი მატჩი ჰქონდა გამართული. პირველ დაპირისპირებაში განაცხადში შეიყვანეს. მოედანზეც გამოვიდა, თუმცა გამორჩეული არ ყოფილა.
საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი სხვანაირად იყო — მის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა. 70-ე წუთზე გამოვიდა და დამატებითი ტაიმებიც ითამაშა. მოედანზე 50 წუთი გაატარა და მისი თამაშის საუკეთესო მომენტების 5-წუთიანი ვიდეოს შეკვრა შეიძლებოდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო, უდიდესი პოტენციალი აქვს.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სულ რაღაც 16 წლისაა. მის მოძრაობებში ხვიჩასთან მსგავსებები შეიმჩნევა. ძმისნაირი სათამაშო სტილი აქვს. ბურთს იმავენაირად აკონტროლებს და ბოლო მომენტში ტემპს ხვიჩასავით ცვლის. ასაკთან შედარებით, ძალიან შთამბეჭდავი აჩქარება აქვს. „ჟალგირისთან“ მატჩში ვნახე, რომ ბრწყინვალე იყო. ნამდვილი ტალანტია და არ გამიკვირდება, 18 წლის ასაკში დიდ კლუბში გადავიდეს. თუ ასე გააგრძელა, ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელიას ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. Teamtalk-ის ინფორმაციით, მას პრემიერლიგის გრანდები აკვირდებიან და ამ მომენტისთვის წამყვანი პოზიცია „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ უკავიათ.