ნაკრებში რეპუტაციულ პრობლემებს შექმნის? - პირლო რუსული კომპანიის ელჩია
როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად იტალიის ეროვნული ნაკრები მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ სკუადრა აძურას პეპ გუარდიოლა ჩაიბარებდა.
პირველადი კონტაქტი შედგა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა უმალ უარი განაცხადა. პეპს სურს, რომ ფეხბურთისგან 1 წელი დაისვენოს და დრო ოჯახს დაუთმოს.
გუარდიოლას ალტერნატივად იტალიურმა მედიამ ანდრეა პირლო დაასახელა, თუმცა, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული სახის პრობლემები.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ანდრეა პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა. მიზეზი კი ის არის, რომ ლეგენდარული იტალიელი ამჟამად რუსული ბუკმეკერული კომპანიის გლობალური ელჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ გარემოებამ ფედერაციის ხელმძღვანელობაში დამატებითი კითხვები გააჩინა და პირლოს კანდიდატურის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა.
წყაროს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა შესაძლოა რეპუტაციული პრობლემების მიზეზი გახდეს, რის გამოც პირლოს შესაძლო დანიშვნას ხელახლა განიხილავენ.
ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა აღნიშნული საკითხი პირლოს კანდიდატურასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად სახელდება.