ბრწყინვალე შესრულება | ჩიქოვანის სადებიუტო გოლი უოტფორდში
ინგლისური „უოტფორდი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგ ამხანაგურ მატჩში გუნდმა როსტოკის „ჰანზა“ დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მესამე გოლი ქართველი ტალანტის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ანგარიშზეა. მან მოედანზე გამოსვლიდან სულ რაღაც ხუთ წუთში მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით აიღო. ეს 19 წლის ფეხბურთელის სადებიუტო გოლია „უოტფორდის'' პირველ გუნდში.
2025 წლის ზაფხულში ნიკოლოზ ჩიქოვანი „დინამო თბილისიდან“ ინგლისურ „უოტფორდში“ გადავიდა. სეზონის პირველი ნახევარი მან იჯარის წესით ბელგიურ „შარლერუაში“ გაატარა, ზამთარში კი ინგლისურ კლუბს შეუერთდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდის“ 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ითამაშა და ორი გოლის გატანა შეძლო „უიგანისა“ და „სუონსის“ კარში. სეზონის მიწურულს ტრავმა მიიღო და ამის გამო ივნისში 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე არ ყოფილა.
ტანმაღალ გარემარბს (მისი სიმაღლეა 1,88 მ.) საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ამჟამად, 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია. უოტფორდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ახალ სეზონში ჩემპიონშიფში სათამაშო დროს მიიღებს, რაც დიდ გამოცდილებას შესძენს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა საკმაოდ მაღალ დონეზე შეეძლება.