შვედეთის ტურნირი - ბასილაშვილი 1/8-ფინალში დამარცხდა
შვედეთის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის მერვედ ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 61-ე ნომერს, არგენტინელ ტირანტეს დაუპირისპირდა და სამ სეტში 5:7 6:3 4:6 დამარცხდა.
პირველ სეტში დიდი ბრძოლა ვიხილეთ. მე-9 გეიმში ტირანტემ ბრეიკი შეასრულა, თუმცა უმალ ნიკოლოზმა უკუბრეიკით უპასუხა. ყველაფერი ტაიბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ ბასილაშვილმა მომდევნო ჩაწოდება დათმო და სეტი წააგო.
მეორე სეტი არგენტინელმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა ბასილაშვილმა უკუბრეიკი მიითვალა. ტირანტე მე-5 გეიმში კვლავ დაწინაურდა, მაგრამ ამჯერად ბასილაშვილმა მისი ზედიზედ ორი ჩაწოდება მოიგო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მატჩმა დისაიდერში გადაინაცვლა. მე-2 დ ა მე-3 გეიმებში ჩოგბურთელებმა ბრეიკები შეასრულეს. მე-5 გეიმში ნიკოლოზს სამი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
სამწუხაროდ, იმ დროს, როცა ანგარიში არგენტინელის სასარგებლოს 5:4 იყო და ბასილაშვილი აწვდიდა, ტირანტემ მისი მოწოდება მოიგო, გაიმარჯვა და შვედეთის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.