ქალთა ერთა ლიგა | საქართველო კვიპროსთან დამარცხდა
ერთა ლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შინ, „მიხეილ მესხი 2“-ზე კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
დისკვალიფიკაციის გამო კვიპროსთან მატჩი ნინო პასიკაშვილმა, ტატა მატვეევამ და ლიზი მწყერაშვილმა გამოტოვეს, საქართველოს ნაკრებმა კი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: თათია გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სალომე გასვიანი, თინათინ ამბალია, ნინო ჩხარტიშვილი, ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე (ანანო წიქარიძე, 78), ირინა ხაბურზანია, თეონა ბაქრაძე (კესო მეტონიძე, 90), მაიკო ბებია.
მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრებს ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ჯერ ბაქრაძის დარტყმის დროს კარგი რეაქცია აჩვენა კვიპროსელთა მეკარემ, შემდეგ კი გასვიანის დარტყმას დააკლდა სიზუსტე. 27-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმოს მისადგომებთან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს, გაბუნიამ ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი პირველი ეირინი მიხაილი აღმოჩნდა. 36-ე წუთზე თავის გამოჩენის საშუალება მაიკო ბებიას ჰქონდა, თუმცა კვიპროსელთა მეკარემ თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
49-ე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, გუნდის კაპიტანი ანტრი ვიოლარი გაბუნიასთან პირისპირ დატოვეს, გამოცდილმა ფორვარდმა კი მომენტი გამოიყენა და საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა. 54-ე წუთზე მაიკო ბებიამ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ერთი ბურთი გაქვითა, 84-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება კი შეცვლაზე შესულ ანანო წიქარიძეს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა 6 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა, სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება:
- მალტა 13 ქულა
- კვიპროსი 10 ქულა
- საქართველო 6 ქულა
- მალტა 5 ქულა
შესაბამისად, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კვლავ C დივიზიონში იასპარეზებს.