„ილიას გამარჯვება მაწყობს“ | პიმბლეტი თოფურიას მხარესაა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ბედი“ „ელ მატადორის“ მხარესაა და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, პირდაპირ საჩემპიონო ორთაბრძოლა მიიღოს.
„სავარაუდოდ, ჩემი მომდევნო მეტოქე ჯასტინ გაიჯი იქნება, რადგან მეოთხე და მეხუთე ნომრები, მაქს ჰოლოუეი და დასტინ პორიე ერთმანეთს ხვდებიან. რა თქმა უნდა, გეიჯი ლეგენდაა, მაგრამ კარიერის დასკვნით ეტაპზე იმყოფება და ვფიქრობ, დავაფინიშებ.
თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბს რაც შეეხება, ორთაბრძოლას დავესწრები. თუ ილია მოიგებს, მჯერა, გამომიწვევს. არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, საჩემპიონო ორთაბრძოლა მეც ოლივეირასავით, მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ მივიღო.
მიმაჩნია, რომ ჩემთვის თოფურიას გამარჯვება უკეთესია, რადგან ამ შემთხვევაში, არის შანსი, კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა არ მომიწიოს და პირდაპირ სატიტულო ბრძოლა მივიღო. თოფურიამ თავად თქვა, რომ ჩემთან დაპირისპირება უნდა და მასთან ჩხუბის სურვილი მეც მაქვს“.
ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა. „ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.