თანაგუნდელის კუთხეში იდგა | სტრიკლენდი ოქტაგონში შევიდა და მებრძოლს დაარტყა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ სტრიკლენდმა MMA-ის გულშემატკივრების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. სტრიკლენდი და კურტის ბლეიდსი მაილს ჰანსინგერის კუთხეში იმყოფებოდნენ, რომელმაც Tuff-N-Uff 145-ზე იჩხუბა.
ჰანსინგერი ლუის ერნანდესს დაუპირისპირდა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. გამარჯვების შემდეგ, ერნანდესმა სტრიკლენდსა და ბლეიდსს დასცინა და მათ მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გააკეთა, რაც ყოფილმა ჩემპიონმა უყურადღებოდ არ დატოვა.
სტრიკლენდი ოქტაგონში შევიდა და ერნანდესს დაარტყა, რის შემდეგაც სიტუაცია დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განმუხტეს. ინციდენტის შემდეგ, შონმა კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებთან საუბრისას, ახსნა, რა მოხდა.
Sean Strickland just entered the cage at Tuff-n-Uff and punched someone after he beat his teammate ????
— Championship Rounds (@ChampRDS) June 29, 2025
(h/t @AlexBehunin) pic.twitter.com/MSlAKCCRsG
„ჩხუბის შემდეგ, იმ ტიპმა ჩემკენ გამოიხედა და მითხრა, ძუკნა ხარო, რასაც შეურაცხმყოფელი ჟესტი მოაყოლა. როგორც მამაკაცს, არ შემიძლია, ამაზე პასუხი არ გავცე. ქუჩაში რომ მივდიოდე და ვიღაცამ იგივე მითხრას, ჩემი სული უფლებას არ მომცემს, უპასუხოდ დავტოვო“, - განაცხადა სტრიკლენდმა.
ცნობისთვის, ნევადას სპორტულმა კომისიამ შესაძლოა, სტრიკლენდი დასაჯოს და დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ დროისთვის ვერდიქტი ჯერ არ გამოცხადებულა.