„შეუჩერებელი ეთერ ლიპარტელიანი“ | EJU ქართველი ჯუდოკას ტრიუმფს გამოეხმაურა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ტურნირის მეორე დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. -57 წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანი ტიმნა ნელსონ-ლევის დაუპირისპირდა, ბოლო წამებზე მოპოვებული იპონით გაიმარჯვა და მისი წარმატება EJU-ს (ევროპის ძიუდოს კავშირი) უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
-57 კილოგრამი — შეუჩერებელი ეთერ ლიპარტელიანი
„თბილისში არის განსაკუთრებული სული, რომელიც ტურნირების მიმდინარეობისას ქართველ ჯუდოკებს ყოველთვის თან ახლავს — წყარო, რომელიც მათ ეხმარება დამატებითი ძალა იპოვონ და საჭირო მომენტში მაღალ დონეზე გადავიდნენ. მაყურებლები, მშობლიური ქვეყანა, ოჯახი — ეს არის ინგრედიენტები, რომლებიც ამ შეუდარებელ ატმოსფეროს ქმნიან. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ეს ყველაფერი იდეალურად ჩანს.
ტურნირის მეორე დღეს ნათელი გახდა, რომ ქომაგების მხარდაჭერა ქართველ ჯუდოკებს ზეწოლის ქვეშ კი არ აქცევდა, მათ მოტივაციასა და დამატებით ენერგიას აძლევდა. მიუხედავად ამისა, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ტურნირს მაინც წნეხით შეხვდა, რადგან ის პირველ ნომრად იყო განთესილი. ლიპარტელიანმა მოლოდინები გაამართლა და ფინალისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახა.
ფინალურ შეხვედრაში ეთერი ტიმნა ნელსონ-ლევის დაუპირისპირდა. ყველა პროგნოზით ოქროს მედალი ლიპარტელიანს უნდა დაესაკუთრებინა, მაგრამ ძიუდო არის სპორტი, რომელშიც მოთმინების გამოჩენა უმნიშვნელოვანესია. ძიუდოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნელსონ-ლევიმ ეს ძალიან კარგად იცოდა. შეხვედრის პირველი იუკო სწორედ მან მიითვალა.
ეს იუკო 3 წუთის განმავლობაში ერთადერთი ქულა იყო და ჩემპიონის ბედის გადასაწყვეტად 20 წამი რჩებოდა. ლიპარტელიანმა საკუთარ თავში ახალი ენერგია და ძალა იპოვა და მასიური სასაე ცურიკომი აში შეასრულა, რის შემდეგაც ნელსონ-ლევი ზურგზე დაეცა. ლიპარტელიანის საბრძოლო სული ერთი წამითაც არ ჩამქრალა. მას ბოლომდე სჯეროდა, რომ შეძლებდა და მართლაც შეძლო!“, — წერს EJU.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანის გარდა ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც გახდა.