ორი ფინალი და ორი მედალი - ძიუდოისტების წარმატება ეკვადორში
ეკვადორის ქალაქ გუაიკილში გამართული კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. როგორც გიორგი კაპანაძე (66 კგ), ასევე გიორგი მჭედლიშვილი (73 კგ) ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სამწუხაროდ ორივე მათგანი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდნენ.
კაპანაძემ პლანეტის პირველობა სომეხი სერგეი გევორგიანის დამარცხებით დაიწყო, რასაც 1/16-ფინალში უზბეკ კრომჟონ კარიმოვთან მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა. მერვედფინალში გიორგიმ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ომარ კამპოსს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ილკინ გარაიევზე და ისრაელელ ტომ სიმხაევზე ძლიერი აღმოჩნდა. ფინალში კაპანაძე სამწუხაროდ კანადელ ანეს მატისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
73 კილოგრამ წონითი კატეგორიის 1/16-ფინალში გიორგი მჭედლიშვილმა თურქი ტაჰზი ეფე ილმაზი დაამარცხა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელ იუსუფ ნაზარის მოუგო. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გიორგიმ ყაზახი ბეკალი იერკენისა და უზბეკი ბეჰრუზბეკ უსმონოვის ბარიერი დაძლია, ხოლო ფინალში იაპონელ გენკი ფუჯინაკასთან იპონით წააგო.
ცნობისათვის, კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ასევე იასპარეზეს მარიამ გულიაშვილმა (52 კგ), სალომე მერკვილაძემ (52 კგ), თინათინ გულბანმა (63 კგ), ელენე კურდღელიამ (70 კგ), მაია ღვალაძემ (+70 კგ), საბა ნოზაძემ (50 კგ), ნიკოლოზ მუშტარაულმა (55 კგ), გიორგი ავალიანმა (60 კგ), ნიკა ნიგურიანმა (90 კგ), ვალერი ლაცაბიძემ (90 კგ) და ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ), თუმცა სამწუხაროდ ისინი მედლების გარეშე დარჩნენ.