ქალდანის გარეშე - შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
14-16 აგვისტოს პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ქალაქი ჰაიდელბერგი უმასპინძლებს, სადაც ქართველი პარასპორტსმენები ტრადიციულად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კონტინენტის პირველობას ჩვენი ნაკრების სერიოზული დანაკლისით შეხვდა, რადგან ტურნირზე ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ქალდანი ვერ იასპარეზებს.
უსინათლოებს შორის ჩვენი ქვეყნის სახელით ტატამიზე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი გამჯაშვილი და გოგიტა ტერუნაშვილი გავლენ, 81 კილოგრამში მედლის მოპოვებას საბა ბაღდავაძე და მიშიკო შიობრიშვილი შეეცდებიან, ხოლო 95 კილოგრამამდე და მძიმე წონით კატეგორიაში გიორგი ბერიძე და რამინ ყიფშიძე იჭიდავებენ. რაც შეეხება მცირემხედველებს, საქართველოს ღირსებას ზურაბ ზურაბიანი (70 კგ), ლევან გუგავა (81 კგ), ბაჩუკი შელია (81 კგ), ზვიად გოგოჭური (+95 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ), ქეთი გილიგაშვილი (60 კგ) და ინა ქალდანი (70 კგ) დაიცავენ.
ცნობისათვის, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს და ტურნირი 25-27 სექტემბერს გაიმართება, რომლისთვისაც სავარაუდოდ გიორგი ქალდანიც მზად იქნება.