ლოზანის გრანდ სლემი | ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირი მიმდინარეობს. -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. ქართველი ჯუდოკა ოქროს მედლისთვის თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, სარა-ლეონი სისიკეს დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და თურქმენეთის წარმომადგენელი მაისა პარდაიევა დაამარცხა. მომდევნო რაუნდში ეთერი ფინელ პილა მატიკაინენს შეხვდა და მეტოქეს 19 წამში, იპონით მოუგო.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანი იტალიელ ჯულია კარნას დაუპირისპირდა და იუკოთი იმარჯვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ფრანგი მარტა ფავაზი გახლდათ, რომელსაც ეთერმა ასევე იუკოთი მოუგო და ფინალში გავიდა.
ცნობისთვის, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ლიპარტელიანს სიზიკის წინააღმდეგ 10 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვებაა.