„ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს“ | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკო შეაქო
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. „მწვანეების“ დამრიგებელმა ქართველი გარემარბი შეაქო და მისი მენტალიტეტი გამოარჩია.
„ზურიკო დავითაშვილი ძალიან კარგი შემტევია, რომელიც მრავალფეროვანი თამაშით გამოირჩევა. სუსტი ფეხით კარგად თამაშობს, კარგად ურტყამს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვს. ის ყოველთვის მაქსიმალურად ჩართულია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ნიჭიერი ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ ასევე გვჭირდება ბრწყინვალე მენტალიტეტის მქონე მოთამაშეები. ზურიკო სწორედ ასეთია. ის ნაწილობრივ თამაშის ტემპს განსაზღვრავს და ამ მხრივ ყოველთვის სამაგალითოა. ეს გავლენა მის თანაგუნდელებზეც ვრცელდება, რაც მის ტალანტზე მნიშვნელოვანია.“
ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილს 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. ბომბარდირთა დავაში ის მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ტავფიკ ბენტაიებს ჩამორჩება.