ბარსელონას მნიშვნელოვანი გამარჯვება | შენგელიას გუნდი პლეი-ინშია
ევროლიგის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა. 38-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. კატალონიელებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ, რათა პლეიოფს მიღმა არ დარჩენილიყვნენ და „ბარსამ“ მეტოქე 95:69 გაანადგურა.
შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი და 23 წამი გაატარა. თორნიკემ 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2-დან 1 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და მის პასივში 2 პერსონალური ჯარიმა იყო.
„ბარსელონამ“ ევროლიგის რეგულარული სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც ნიშნავს, რომ პლეიოფში გასასვლელად პლეი-ინის ტურნირში მოუწევს თამაში. „ბლაუგრანა“ საკუთარ არენაზე „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება. გამარჯვებული „პანათინაიკოსისა“ და „მონაკოს“ წყვილის წაგებულს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში პირველ რაუნდში „ოლიმპაიკოსს“ შეხვდება.
ცნობისთვის, „ბარსელონამ“ რეგულარული სეზონი 21 მოგებითა და 17 წაგებით დაასრულა. კატალონიელები მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავენ და „ფორსა ლეიდას“ დაუპირისპირდებიან.