„იმედია, შაბათს მატჩის განაცხადში მოხვდება“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
8 აგვისტოს ლიგა 2-ის ახალი სეზონი აიღებს სტარტს და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, იან კათრომ ტრავმირებულის მდგომარეობაზე ისაუბრა, მათ შორის ზურიკო დავითაშვილიც ახსენა.
„ბენჟამენ ოლდი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება. მაჰმუდ ჯაბერი, ჩიკო ლამბა და ნადირ ელ ჯამალი, რომლებსაც მძიმე ტრავმები ჰქონდათ, რეაბილიტაციის პროცესს გადიან. მაჰმუდი საერთო ჯგუფს ამ კვირაში დაუბრუნდა, ჩიკოსა და ნადირს კი მეტი დრო დასჭირდებათ. ზურიკო დავითაშვილს კუნთის მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ თავს უკეთესად გრძნობს. იმედია, შაბათს განაცხადში მის შეყვანას შევძლებ.
ამ მატჩში რა შემადგენლობაც გვეყოლება, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არაერთ ცვლილებას განიცდის. ასევე მესმის, რომ შაბათს იმ დონეზე ვერ ვიქნებით, რომელზეც გვინდა, რომ ვიყოთ, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების მხრივ.
რომელი სათამაშო სქემა უფრო მომწონს? ის, რომელიც თამაშებს მოგვაგებინებს. მხოლოდ ერთ კონკრეტულ სქემაზე არ ვმუშაობ: უნდა შევქმნათ ისეთი სტრუქტურა, რომელშიც ფეხბურთელები საუკეთესო უნარების წარმოჩენას შეძლებენ“.
ცნობისთვის, ლიგა 2-ის პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ „სოშოს“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.