„სპორტინგი და სევილია შეთანხმებასთან ახლოს არიან“ - ესპანური მედია ქოჩორაშვილზე
ესპანურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, „ხეტაფე“ ქართველი ფეხბურთელის მოლაპარაკების პროცესს ჩამოშორდა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, „სევილიასა“ და ლისაბონის „სპორტინგს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
„სევილიას“ ხელმძღვანელობა ცდილობს ქოჩორაშვილი ისეთი პირობებით დაიმატოს, რომ სხვა პოზიციების გაძლიერებაც შეძლოს და ფინანსური ფეირპლეის მოთხოვნები არ დაარღვიოს.
თუ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, ქოჩორაშვილი „სევილიას“ იჯარით შეუერთდება, მომავალ სეზონში კი გუნდს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. „სევილიას“ სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ ქოჩორაშვილი ლა ლიგის პირველი ტურისთვის [15 აგვისტო, სევილია-რაიო ვალეკანო] უკვე მათ განკარგულებაში იყოს.
რაც შეეხება „ხეტაფეს“, მათ პორტუგალიური კლუბის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს და უდიდესი ალბათობით ქართველი ფეხბურთელის საკითხს აღარ მიუბრუნდებიან.