ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

„არ ველით, რომ მზად იქნება“ - შტურმის მწვრთნელი კიტეიშვილისა და ფენერბაჰჩესთან მატჩზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო კიტეიშვილს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, გიზი მამაგეიშვილი კი მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე მეორე ნახევარში შეიყვანა.

„შტურმის“ დამრიგებელმა, ფაბიო ინგოლიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარცხის მიზეზები შეაფასა და ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა. როგორც ინგოლიჩმა განაცხადა, დიდი ალბათობით ქართველი ნახევარმცველი გუნდისთვის დახმარებას ვერ საპასუხო მატჩში შეძლებს.

რას ამბობს ინგოლიჩი:

„მეტოქემ ძალიან ეფექტურად ითამაშა და ინდივიდუალური კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. ჩვენ კი ვერ შევძელით სპორტული იღბლისა და მომენტის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.“

„ფული ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა ფულს ხარისხის მოტანა შეუძლია. ხარისხი კი შემდეგ კარგ ფეხბურთს თამაშობს. სწორედ ამიტომ იყო ეს ისეთი რთული ამოცანა, როგორსაც ველოდით. არ გავტეხილვართ, თამაშის გაუმჯობესება შევძელით, რაც აქ ნამდვილად არ არის ადვილი. ეს საპასუხო მატჩის წინ აუცილებლად გვაძლევს რწმენასა და იმედს.“

„გვინდა, რომ ჩვენმა ფანებმა სტადიონი აანთონ და მოწინააღმდეგე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდონ. ეს მხარდაჭერა, რაც „ფენერბაჰჩემ“ ფანებისგან მიიღო, მართლაც ძალიან განსაკუთრებული იყო. ჯერ არ გამოგვიცდია თამაში და სტადიონი, სადაც ასეთი ხმაურია და სადაც გარემოს ასეთი სპეციფიკური ხასიათი აქვს. ამან თავისი გავლენა ნამდვილად იქონია.“

„ოთარ კიტეიშვილი, წვივის კუნთის პრობლემების გამო, შაბათს ჩემპიონატში „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ გასამართ შტირიულ დერბიში და ასევე მომავალ კვირას „ფენერბაჰჩესთან“, სავარაუდოდ, კვლავ ვერ ითამაშებს. კიტე სარეაბილიტაციო პროცესს გადის და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. შესაბამისად, არ ველით, რომ ის საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება.“

ავსტრიის ბუნდესლიგაში „შტურმისა“ და „ჰარტბერგის“ მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება, „ფენერბაჰჩესთან“ საპასუხო მატჩი კი 11 აგვისტოს, საქართველოს დროით 22:30 საათზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის გარეშე - შტურმი ფენერბაჰჩესთან უშანსოდ დამარცხდა
კიტეიშვილის გარეშე - შტურმი ფენერბაჰჩესთან უშანსოდ დამარცხდა