ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

„ბოლო წამებზე პატრიარქს ვთხოვე, ჩემთვის ძალა მოეცა“ | ეთერ ლიპარტელიანის კომენტარი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ქართველმა ჯუდოკამ ტიმნა ნელსონ-ლევი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და მათ ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. დილიდან უაღრესად მოტივირებული ვიყავი. მინდოდა, ოქროს მედალი საქართველოში დარჩენილიყო და ჩვენი გულშემატკივრებიც ყველანაირად მხარში გვედგნენ. როდესაც ფინალში ვმარცხდებოდი, ისინი ყველანაირად მამხნევებდნენ, რომ არ დავნებებულიყავი და ჩემპიონი გავმხდარიყავი. მადლობა მათ.

ასევე, მადლობა ჩემს მწვრთნელებს, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს და ძიუდოს ფედერაციას. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვედრილიყავით. ლაშა შავდათუაშვილს ვულოცავ ოქროს მედალს. დღეს ერთად გავხდით ჩემპიონები და მე კიდევ ერთი ისტორია დავწერე.

საქართველოში არ არიან ქალი სპორტსმენები, რომლებსაც შემიძლია ვუყურო, მივბაძო და მათგან მოტივაცია მივიღო. შესაბამისად, ვცდილობ, მოტივაცია ბიჭებისგან მივიღო და ლაშა ერთ-ერთი მათგანია. შავდათუაშვილი ლეგენდაა და მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველა სპორტსმენისთვის არის მოტივაციის წყარო. არის კაცი, რომელიც არასდროს ნებდება. მადლობა მას ბრძოლისთვის.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ყოველთვის გულში ვიძახდი, რომ მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი და გამარჯვება პატრიარქისთვის მიმეძღვნა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ უფალი და პატრიარქი გვერდში მედგნენ და როდესაც 15 წამი იყო დარჩენილი, არაფერზე მიფიქრია. ერთადერთი პატრიარქს ვუთხარი: „მინდა, ეს გამარჯვება შენ მოგიძღვნა. გთხოვ, მომეცი ძალა, რომ ჩემპიონი გავხდე.“ ამის შემდეგ ისეთი ილეთი გავაკეთე, რომელიც არც კი დამიმუშავებია და საერთოდ არ გამიკეთებია. მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის. დღეს ყველანაირად მოტივირებული ვიყავი და ამაში დიდი როლი უფალს მიუძღვის. და ჩემს ფსიქოლოგს...

ოლიმპიადამდე ძალიან დიდი დროა. მანამდე გასამართ ტურნირებზე ვიქნები მობილიზებული და დრო გვიჩვენებს. მე თავდაუზოგავად ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახარო, გავახარო ჩემი ოჯახი და შევეცდები, საქართველოს ჰიმნი კიდევ ბევრჯერ ავაჟღერო.“

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ჯუდოკაა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ეთომ მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა და ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა | შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა | შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია