ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა | შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) ფინალში პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი შიდოებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად აღნიშნული მედალი 2013 წელს ბუდაპეშტში მოიპოვა.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, შავდათუაშვილმა ფინელ ვალტერი ოლინს შიდოებით მოუგო, რუმინელი ლუჩიან დუმიტრესკუ ტრავმის გამო არ გამოცხადდა, მეოთხედფინალში კოსოვოელი აკილ გიაკოვა დამატებით დროში იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში იპონით მოუგო.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში სამი მედალია, პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, დღეს კი ფინალში თავიანთი შეხვედრები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიგეს.