ბითაძის 7 ქულა - ორლანდო პლეი ოფში ითამაშებს
„ორლანდომ“ NBA-ის პლეი ინში გამოსვლა წარმატებულად დაასრულა, „შარლოტ ჰორნეტსი“ საკუთარ დარბაზში მარტივად, 121:90 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. დასახული მიზნის მიღწევის გარდა, „მეჯიქის“ მოგება ღირსშესანიშნავი სხვა ფაქტითაც იყო - ის გახდა პირველი კლუბი, რომელმაც პლეი ინის ერთი რომელიმე მატჩი ამხელა, ანუ 31-ქულიანი სხვაობით მოიგო.
ფლორიდული კლუბის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა. გოგამ ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა და ორიდან ორი ორქულიანის გარდა, სამივე საჯარიმო გამოიყენა. ოთხიდან სამი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, NBA-ს პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ორლანდოს“ მეტოქე „დეტროიტი“ იქნება და სერიის პირველი შეხვედრა „პისტონზის“ დარბაზში თბილისის დროით 20 აპრილს, 02:30 წუთზე დაიწყება.