„შეცდომა დავუშვი“ | დვალიშვილმა იანთან გამართულ მეორე ბრძოლაზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გამართულ მეორე ბრძოლაზე ისაუბრა. „მანქანამ“ აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა და მოსამზადებელი კემპი ისე არ გაიარა, როგორც საჭირო იყო.
„თავის გამართლება და მიზეზებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, ცოტათი მეტი რომ დამესვენა, იანთან სხვანაირი ორთაბრძოლა მექნებოდა. ჩხუბის დღეს ორი ხუთრაუნდიანი სერიოზული სპარინგი გავმართე, შემდეგ კი გასახდელში გავხურდი. როდესაც გალიაში შევედი, ვიგრძენი, რომ ცოტათი გადაღლილი ვიყავი.
მართალია, ჩემი მეტსახელი „მანქანაა“, მაგრამ ზოგჯერ მეც ადამიანი ვარ. იმ დღეს, ალბათ, ყველა მეტოქეს დავამარცხებდი, იანის გარდა. პიოტრი კონკრეტულად ჩემთვის მოემზადა და ძალიან კარგი მებრძოლია. ჩხუბის დროს მივხვდი, რომ ბრძოლა ჩემ სასარგებლოდ არ მიდიოდა, რადგან მოსამზადებელი კემპისას შეცდომები დავუშვი.
რეალურად, ეს მოსამზადებელი კემპიც კი არ ყოფილა. ამ ბრძოლისთვის ისე არ მოვემზადე, როგორც უნდა მოვმზადებულიყავი. კონკრეტულად იანისთვის არ ვვარჯიშობდი — არადა, სწორედ ეს მჭირდებოდა. მახსოვს, ჯონ ვუდს ვკითხე: „პიოტრი ერთხელ დავამარცხეთ. მეორე ჩხუბისთვის რაღაცას შეცვლის და როგორ ფიქრობ, ეს რა იქნება?“ ვუდმა მითხრა, რომ ჩემ წინააღმდეგ იანი ვერაფერს გააკეთებდა. არ ვამბობ, რომ ამის გამო თავი კომფორტულად ვიგრძენი, მაგრამ ვუდი კომფორტულად იყო და ეს შეცდომა აღმოჩნდა.“
შეგახსენებთ, რომ იანმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. იწერება, რომ ის და დვალიშვილი მესამე ბრძოლასაც გამართავენ — ეს, სავარაუდოდ, ზაფხულში მოხდება.