„მინდა შევხვდე, სანამ თოფურია მიხედავს“ - კოვინგტონმა ცარუკიანი გამოიწვია
კოლბი კოვინგტონმა UFC-ში უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის დეკემბერში ჩაატარა და ხოაკინ ბაკლისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციის დატოვება მოუწია და ახლა ცნობილი ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის, RAF-ის წევრია, სადაც ცოტა ხნის წინ მასსა და არმან ცარუკიანს შორის ბრძოლის ჩანიშვნაზე იყო საუბარი, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. სწორედ ამაზე გაამახვილა 38 წლის კოვინგტონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ყურადღება.
კოლბი კოვინგტონი
UFC-ის ეგიდით აღარ ვჩხუბობ და ამ ორგანიზაციის ბრძოლებს ახლა გულშემატკივრის ამპლუაში ვაკვირდები. როდესაც იქ ვიყავი, არმან ცარუკიანმა ჩემზე რამდენჯერმე ისაუბრა და მოუთმენლად ველი მასთან RAF-ში დაპირისპირებას. იმედია იქამდე შედგება ჩვენი ჭიდაობა, სანამ მას და მის რეალურ ძალას შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია გამოააშკარავებს.
ცნობისათვის, შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის მანძილზე გამართული 22 შეხვედრიდან კოლბი კოვინგტონმა 17 მოიგო და 5-ში დამარცხდა. ჩვიდმეტი გამარჯვებიდან მან ოთხი ნოკაუტით, ოთხი საბმიშენით, ცხრა კი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა.