ილიას ჩხუბი გეიჯისთან და ცარუკიანის შანსები | მერაბ დვალიშვილის ვარაუდი
მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე, ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორის“ წინააღმდეგ არმან ცარუკიანიც უშანსოდაა.
„წარმოდგენა არ მაქვს, გეიჯიმ თოფურიასთან როგორ უნდა იჩხუბოს. ვიტყოდი, რომ ჭიდაობას მიმართოს, მაგრამ ჯასტინი არასდროს ჭიდაობს. ის შეეცდება, ილიას დარტყმა აიცილოს და ისე იჩხუბოს, როგორც გამოსდის, მაგრამ თოფურია ამას აუცილებლად შეისწავლის და იქ დაარტყამს, სადაც საჭირო იქნება.
ვფიქრობ, ეს ილიასთვის სტილისტურად იდეალური ჩხუბია. გეიჯი კრივს აქტიურად იყენებს და ფეხით ხშირად ურტყამს, თოფურიაც თითქმის იმავეს აკეთებს, ოღონდ გაცვლებისას ხალხს ანოკაუტებს. თუ შეგეხო, შენთვის ყველაფერი დასრულებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თოფურია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უკეთესი მებრძოლი ხდება.
არმან ცარუკიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის შესანიშნავი სპორტსმენი და ბრწყინვალე მებრძოლია, მაგრამ ილია მასაც დაამარცხებს. თოფურიას პარტერში ვერ გადაიყვან — მასთან ჭიდაობას აზრიც არ აქვს და არმანს მოუწევს, კრივს მიმართოს, რის შემდეგაც ილია მას დაანოკაუტებს. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, როდესაც თოფურიას ამის შესახებ ვკითხე, მითხრა: „სტილიდან გამომდინარე, ეს ჩხუბი ბევრად მარტივია. ეს ორთაბრძოლა ძალიან მომწონს. მასთან ბრძოლა ძალიან მინდა.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი 19 აპრილს RAF-ის ფარგლებში იასპარეზებს. „მანქანა“ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და შეეცდება, „ტრიპლ სი“ თავისუფალ ჭიდაობაშიც დაამარცხოს.