ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა. ფრანგებმა საპასუხო შეხვედრა „ენფილდზე“ 2:0 მოიგეს. „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

Footmercato: „კვარაცხელია გასულ კვირას გამართულ შეხვედრაში შესანიშნავი იყო და „წითლებს“ საპასუხო მატჩშიც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სწრაფი, ზუსტი და თავდაჯერებული — ხვიჩას დრიბლინგი მუდმივად საფრთხეს უქმნიდა დაცვას, რომელსაც მისი გაჩერება ძალიან უჭირდა. აკლდა პატარა დეტალი, რომლის დახმარებითაც თამაშს გახსნიდა, მაგრამ მთავარი ამბავი საერთოდ სხვაგან ხდებოდა. „ლივერპულის“ ხანგრძლივი პრესინგის დროს ის დაუღალავად მუშაობდა, უკან ჩადიოდა, ამოსასვლელ სივრცეს ქმნიდა და ავსებდა ზონებს, რომლებიც მის გუნდს თავისუფალი რჩებოდა. საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი დაჯილდოვდა და პარიზელთა ორივე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა — ჯერ ასისტი, შემდეგ პრე-ასისტი.“

Eurosport: „გოლი არ გაუტანია, მაგრამ მისი გამოსვლა სხვა მხრივ იყო გადამწყვეტი: ორთაბრძოლებსა და დაცვით თამაშში. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, მაგრამ შავი სამუშაოს შესასრულებლად ყოველთვის მზად არის. ის იდეალური განსახიერებაა იმისა, რასაც ლუის ენრიკე ითხოვს. მოკლედ, მეომარია.“

Le Parisien: „თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ქართველი გარემარბი საწყის წუთებში ძალიან აქტიური იყო და მეოთხე წუთზე შანსის გამოყენება სცადა. ამის შემდეგ ცოტათი გაუჩინარდა და რამდენჯერმე ბურთი დაკარგა. იყო მომენტები, როდესაც ფიზიკურად გადაღლილი ჩანდა, მაგრამ დაცვას მთელი მატჩის განმავლობაში ეხმარებოდა. საკუთარი გამოსვლა საგოლე გადაცემითა და პრე-ასისტით გააუმჯობესა.“

L’Equipe: „ფიზიკური ბრძოლების მხრივ მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა. ორთაბრძოლებში ფრიმპონგს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და მისი წყალობით „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განავითარა. საგოლე გადაცემა მიითვალა და მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დაცვაში თამაშით წნეხში მყოფ ლუკა ერნანდესს უდიდესი დახმარება გაუწია.“

90min: „საწყისი 15 წუთი ისე ჩაატარა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს მორიგი ტოპ დონის გამოსვლა უნდა ეჩვენებინა, მაგრამ პარიზელთა ჩავარდნამ მომენტუმი დააკარგვინა. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა საგოლე გადაცემა გაეკეთებინა და მეორე გოლში მიეღო მონაწილეობა.“

Maxifoot: „პირველ თამაშში ბრწყინვალე იყო და საპასუხო შეხვედრაშიც სახიფათო გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა დაუღალავად იმუშავა, რათა დაცვაში თანაგუნდელებს დახმარებოდა, ხოლო შეტევაში მომენტები შეექმნა. მისმა ძლიერმა გაქცევებმა და ჩაწოდებებმა „ლივერპულს“ პრობლემები შეუქმნა და იდეალურ პოზიციაში იყო, როცა დემბელემ პირველი გოლი გაიტანა. ასევე, უნდა დავაფასოთ მისი პასი ბარკოლაზე, რომელსაც მეორე გოლი მოჰყვა.“

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და კომპანია ნახევარფინალში „რეალისა“ და „ბაიერნის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. „რეკორდმაისტერმა“ პირველი მატჩი 2:1 მოიგო და განმეორებით შეხვედრას ფავორიტის სტატუსით ხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები ლივერპულთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს და ლივერპულის ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია პსჟ-ს და ლივერპულის ფეხბურთელების შეფასებები