„ერთი ეპიზოდით თამაშის ბედი შეცვალა“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ფრანგული პრესა ეხმიანება. გამოცემების უმეტესობა ხაზს უსვამს, რომ პარიზელთა გუნდი თამაშში ხვიჩას მიერ მოპოვებულმა პენალტმა დააბრუნა.
L’Equipe: თავიდან საკუთარ თავზე თამაშის აღებას ვერ ბედავდა, შემდეგ კი პენალტი გამოიმუშავა და უფრო მობილურად ათამაშდა. გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი 83-ე წუთზე ადგილი ბარკოლას დაუთმო.
Foot Mercato: მატჩის სტარტზე ცოტა უჭირდა, ლონდონელთა მცველები, კერძოდ კი მოსკერა მას კარგად მეურვეობდა, თუმცა მეორე ტაიმში კვარამ თავისი რიტმი იპოვა და პენალტი გამოიმუშავა, რის შედეგადაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა. ქართველს ასევე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ჰქონდა, როცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარა 83-ე წუთზე ბარკოლამ შეცვალა.
RMC Sport: თავიდან მოსკერა მას კარგად ანეიტრალებდა, თუმცა შემდეგ კვარამ მას წესები მაინც დაარღვევინა და პენალტი მოიპოვა. დაცვაში არსენალის სოლიდური თამაშის ფონზე ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონია და ის ენრიკემ შემტევებს შორის პირველი შეცვალა.
Eurosport.fr: თითქმის ერთი საათის განმავლობაში თავის თავს არ ჰგავდა, შემდეგ კი ერთი ეპიზოდით თამაშის ბედი შეცვალა და დემბელესთან კომბინაციის შემდეგ პენალტი გამოიმუშავა. ხვიჩას შეეძლო, საღამოს მთავარი გმირიც გამხდარიყო, როცა 40 მეტრი ირბინა, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა.
Maxifoot: ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის თამაშსაც ამ ფინალში ძალიან ბევრი ელოდა, თავიდან ყველას იმედები გაუცრუა. მას თითქმის ყოველთვის მეტოქის ორი ფეხბურთელი ეთამაშებოდა და პირველ ტაიმში პსჟ-ს გარემარბმა ბევრი ორთაბრძოლა წააგო. მას ინდივიდუალურ მცდელობებში შთაგონება აკლდა, თუმცა შემდეგ ხვიჩამ მოსკერას საჯარიმოში წესები დაარღვევინა. ამის შემდეგაც კვარაცხელია სახიფათო იყო და ბურთი ძელს გაარტყა.
Parisfans: პირველ ტაიმში თითქმის შეუმჩნეველი იყო, მეორე ტაიმში კი გაცილებით უკეთესად ითამაშა. გოლი მის მიერ მოპოვებულ პენალტს მოჰყვა. ენრიკემ ხვიჩა 83-ე წუთზე შეცვალა.
ხვიჩას ყველა მომენტი VS არსენალი