ილია თოფურია
Aa
Aa

„ოთხ სამსახურში ვმუშაობდი“ | ილია თოფურიამ კარიერის საწყისი ეტაპები გაიხსენა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ One On One | MMA-ს ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ბავშვობა და კარიერის პირველი ნაბიჯები გაიხსენა. ილიამ მშობლების დამოკიდებულების მნიშვნელობასა და მის მიერ გავლილ რთულ გზაზე ისაუბრა.

„მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტში უნდა გვესწავლა და ა.შ. ჩემი ძმა ექიმი უნდა გამოსულიყო, მე — იურისტი თუ რაღაც მსგავსი. მახსოვს, როდესაც 15 წლის ვიყავი, ალექსანდრე კი 16-ის იყო, მამაჩემთან მივედით და ჩემმა ძმამ უთხრა, რომ სკოლაში სიარულის გაგრძელებას არ ვაპირებდით. გვინდოდა, მთელი ჩვენი ცხოვრება MMA-ისთვის მიგვეძღვნა და გვევარჯიშა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაჩემმა ეს ჩვეულებრივად მიიღო და გვითხრა: „თუ ეს გინდათ, რომ აკეთოთ, გააკეთეთ!“

როდესაც მშობლებისგან გრძნობ, რომ მათ შენი სჯერათ, მზად ხარ, მაქსიმუმი გაიღო, რომ შენით იამაყონ. მათ ჩვენი პოტენციალის ყოველთვის სჯეროდათ და მე და ალექსანდრეს ჩვენი თავის რწმენა სწორედ ამან მოგვცა. როდესაც 16 წლის ვიყავი, მამაჩემი მეუბნებოდა: „მთელი მსოფლიო გაოცდება, როგორც კი დაინახავს, რა ტალანტი და უნარები გაქვს და რის მიცემა შეგიძლია ამ სპორტისთვის“. მახსოვს, ვფიქრობდი, ეს კაცი რას ამბობს-მეთქი... მისმა სიტყვებმა ჩემს მენტალიტეტზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ძალიან მაგარი კაცია და ძალიან მიყვარს.

MMA-ში კარიერის დაწყება ურთულესია. განსაკუთრებით ჩემ დროს, რადგან მაშინ ესპანეთში საბრძოლო ღონისძიებები საერთოდ არ იმართებოდა. ბრძოლების ჩანიშვნა და მეტოქეების პოვნა ურთულესი გახლდათ და არავინ იყო, ვინც შენს ინტერესებს დაიცავდა ან მხარს დაგიჭერდა. ოთხ სამსახურში ვმუშაობდი, რათა MMA-ში გამოსვლა შემძლებოდა.

რას ვაკეთებდი? ერთი სამსახური იყო პლაჟზე, სადაც შეზლონგები მებარა. მეორე სამსახური ტანსაცმლის მაღაზიაში იყო. კვირაში ერთი დღე, დაცვის სამსახურის წარმომადგენლად ვმუშაობდი და გარდა ამისა, გრეპლინგის მწვრთნელი ვიყავი.

ჩემს ვარჯიშებს ვიწერდი და სახლში ვუყურებდი, რათა სუსტი წერტილები მეპოვა. მაგალითად, კრივის დროს ვიღლებოდი, ხელები მეღლებოდა, ფეხები მეღლებოდა, რეაქციის სისწრაფე მქონდა გასაუმჯობესებელი და ა.შ. მწვრთნელი არ მყოლია, სისუსტეების გამოსწორებას ჩემით ვცდილობდი.“

ილია თოფურია, რომელიც წლების წინ ოთხ სამსახურში მუშაობდა, ივნისში UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილე იქნება. „ელ მატადორი“ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი