ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

„ფენომენალური ტალანტი და დიდი პატრიოტია“ | დევიდ უებმა Talksport-თან ხვიჩაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილი ასისტენტი დევიდ უები TalkSport-ის გადაცემის სტუმარი იყო. უებს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს შეკითხვები და ინგლისელმა სპეციალისტმა „კვარა“ შეაქო.

„კვარაცხელია ფენომენალური ტალანტია. როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავიწყე მუშაობა, ის ნაპოლიში თამაშობდა. სერია A მოიგეს და შემდეგ მისი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდა, ვისთან მუშაობამაც ხვიჩა ფიზიკურობისა და სამუშაო ეთიკის მხრივ სხვა დონეზე აიყვანა, რადგან როდესაც კონტეს გუნდში თამაშობ, დაცვაში უნდა ჩახვიდე და ბევრი იმუშაო. ამის წყალობით კვარაცხელია სხვა კლუბების რადარზე მოხვდა და შანსი მიიღო, პარი სენ-ჟერმენში გადასულიყო. ყველა ვხედავთ, როგორი ფეხბურთელია და რა შეუძლია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მის სტატისტიკას რომ დეტალურად რომ ჩაუღრმავდეთ, აღმოაჩენთ, რომ იმ შემტევებს შორისაა, რომლებიც დაცვას ყველაზე მეტად ეხმარებიან.

კვარაცხელია თავმდაბალი ადამიანია. ნაკრებში რომ მოსულიყავით და არ გცოდნოდათ, ხვიჩა ვინაა, ეროვნული გუნდის ერთი რიგითი წევრი გეგონებოდათ. ჩუმი ბიჭია და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. კვარაცხელია თავის სათქმელს ვარჯიშებისას და მოედანზე ამბობს. ვარჯიშებისას მას ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება სურს. ტოპ დონის მოთამაშეები „შიმშილით“ გამოირჩევიან და მასაც ეს აქვს. ხვიჩა ყოველთვის მეუბნებოდა: „მინდა, რონალდუს დონის ფეხბურთელი გავხდე. მინდა, რონალდუს დონის ფეხბურთელი გავხდე.“ კრიშტიანუ მისი საფეხბურთო კერპია.

ვარჯიშების შემდეგ გვიწევდა, მოედნიდან ძალით გაგვეყვანა. რუტინა ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის ასრულებდა: 5 დარტყმა მარჯვენა ფეხით, 5 მარცხენა ფეხით, საჯარიმო დარტყმები და თერთმეტმეტრიანები. მეორე დღეს თამაში გვქონდა და მახსოვს, მეუბნებოდნენ: „დევიდ, ხვიჩა გამოიყვანე!“ მას ყოველთვის აქვს სურვილი, რომ უკეთესი გახდეს.

ახლახან კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი გახდა და ის ქართული ფეხბურთის სახეა. ქართველებს თავიანთი ქვეყანა ძალიან უყვართ და ხვიჩა დიდი პატრიოტია. ქართველი თანაგუნდელების მიმართ იმედგაცრუებას არასდროს გამოავლენს — ამის შანსი არ არსებობს. კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გარდა, ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა ნაკლებად ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ვარჯიშებისას იყო მომენტები, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა, როგორც პარი სენ-ჟერმენშია შეჩვეული, მაგრამ იმედგაცრუება არასდროს გამოუხატავს.“

ცნობისთვის, უებმა საქართველოს ნაკრების დატოვების შესახებ განცხადება ორი კვირის წინ გაავრცელა. ინგლისელ სპეციალისტს სურს, კარიერაში წინ გადადგას ნაბიჯი და მთავარი მწვრთნელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„მეომარი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებს“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე