NBA პლეიინი | ლამელო ბოლის შოუ და პორტლენდის გამარჯვება ფინიქსთან
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის მატჩები გაიმართა. დასავლეთ კონფერენციაში „პორტლენდმა“ სტუმრად „ფინიქსს“ მოუგო - 114:110 და 2021 წლის შემდეგ პირველად პლეიოფში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე „სან ანტონიო სპურსი“ იქნება.
მატჩის მთავარი გმირი „პორტლენდის“ ისრაელელი ფორვარდი, დენი ავდია გახდა, რომელმაც 41 ქულა, 7 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „სანსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯეილენ გრინი იყო - 35 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა.
„პორტლენდისა“ და „სან ანტონიოს“ სერია 20 აპრილს დაიწყება. რაც შეეხება „ფინიქსს“, არიზონელები პლეიოფის საგზურისთვის ბრძოლაში „კლიპერსსა“ და „უორიორსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიინში „შარლოტ ჰორნეთსმა“ და „მაიამი ჰიტმა“ მაყურებელს დაუვიწყარი პერფორმანსი შესთავაზეს - „შარლოტმა“ ოვერტაიმში 127:126 გაიმარჯვა.
მატჩის MVP ლამელო ბოლი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ოვერტაიმის დასრულებამდე 5 წამით ადრე ბოლმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო, მომდევნო შეტევაში კი მაილზ ბრიჯესმა დევიონ მიტჩელს დააფარა და „შარლოტს“ პლეიოფის საგზური მოუტანა.
პლეიოფის პირველ რაუნდში „შარლოტი“ „ორლანდოსა“ და „ფილადელფიას“ შორის დამარცხებულს შეხვდება.