ლიონს დაეხმარა - პსჟ-მ ბარკოლას სატრანსფერო ღირებულება მთლიანად დაფარა
როგორც მოგეხსენებათ, ლიონი მძიმე სიტუაციაშია. გიორგი მიქაუტაძის გუნდი ფინანსური დავალიანების გამო, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენს, ლიგა 2-ში დაქვეითდა.
პარი სენ ჟერმენმა საკმაოდ ღირსეული ჟესტით ლიონის დახმარება გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ბრედლი ბარკოლა ლიონიდან შეიძინა, თუმცა კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ბრედლის სატრანსფერო ღირებულება(45 მილიონი ევრო) ნაწილ-ნაწილ უნდა დაფაროს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ლიონს ახლა ფინანსური პრობლემები აქვს, პარი სენ ჟერმენმა აღნიშნული თანხა ერთიანად დაფარა და ასე მის ერთ-ერთ კონკურენტს დაეხმარა.
რა თქმა უნდა, ეს თანხა ლიონის პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის, თუმცა პსჟ-ს ჟესტი ნამდვილად დასაფასებელია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფინანსური დავალიანების გამო ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითდა. კერძოდ, საუბარია პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მიერ მოთხოვნილი გარანტიების შეუსრულებლობასა და 175 მილიონი ევროს ოდენობის ვალზე, რომელიც, როგორც ჩანს, „ლიონმა“ ვერ დაფარა. ფრანგულ კლუბში DNCG-ის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
აქვე გეტყვით, რომ ტექსტორის კუთვნილ კომპანია Eagle Football Holdings Limited-ს „ბოტაფოგო“, „ლიონი“ და ბელგიური „მოლენბეკი“ ეკუთვნის. რამდენიმე კვირის წინ ტექსტორმა „კრისტალ პალასი“ 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა, რაც ინგლისური კლუბის ევროპა ლიგაზე დაშვების წინაპირობა იყო.